მთავარი » 2009 » მარტი » 13 » ექვთიმე თაყაიშვილი (ღვთისკაცი) და ნაკაშიძეები
17:38
ექვთიმე თაყაიშვილი (ღვთისკაცი) და ნაკაშიძეები

ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი დაიბადა გურიის, მაშინდელი ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრის სოფ. ლიხაურში აზნაურის ოჯახში ოფიციალური ცნობით 1863 წლის 3 იანვარს. მამა – აზნაური სიმონ ნიკოლოზის ძე თაყაიშვილი, ჩინოსანი – კორდონის ოფიცერი, საზღვრის მცველი ყოფილა მაშინდელი გურია–ოსმალეთის ხაზზე. სოფელში ”ჭკვიანი, დინჯი, სამართლიანი და ნასწავლი კაცის სახელი ჰქონდა მოხვეჭილი”, კარგი პატრიოტიც ყოფილა. დედა – თავად გიტული (გიტო) ნაკაშიძის ასული (სოფ. მაკვანეთიდან). ნინო მაზრის მოწინავე ქალთა შორის იხსენიება. წმიდანს მშობლები ჯერ კიდევ პატარას დაეღუპა.

არაერთხელ აღუნიშნავს ექვთიმეს: ”ხუთი წლისა ვყოფილვარ, რომ დედის გვერდიდან ავუყვანივარ ბებიას. დედა გარდაცვლილიყო და მე კი ისიც არ ვიცოდი, რას ნიშნავდა სიკვდილი, უფრო ის დამამახსოვრდა, რომ ტიროდნენ და ამბობდნენ: რა ეშველება ობლებსო!...”

ქუთაისში ექვთიმესთან დადიოდნენ ბიძაშვილი ერმილე ნაკაშიძე, რომელიც აგრეთვე ემზადებოდა  გიმნაზიაში შესასვლელად და მისი ნათესავი ლათინურში კარგი მოწაფე – მოსე კალანდარიშვილი. ერმილეს შუამდგომლობით და ხარჯით ექვთიმე მოსესთან უნდა მომზადებულიყო იანვრიდან 15 ივნისამდე, მაგრამ მალე არდადეგები დაიწყო. მოსე და ერმილე მაკვანეთში წასულან.

მან პირველმა იმოგზაურა ეგრედწოდებულ თურქეთის საქართველოში. ჩვენი მამა–პაპის სისხლით მორწყული ძველი მესხეთის მიწა–წყალი 1902, 1907 და 1917 წელს შემოიარა და დაწვრილებით აღწერა, საქართველოს მოწყვეტილი განუმეორებელი კულტურის  ძეგლები–ეკლესიები ოშკი, ბინა, იშხანი, ხახული, ანჩა ტბეთი, პარხული. ექვთიმე თაყაიშვილი იყო პირველი თვალსაჩინო ქართველი მეცნიერი–მკვლევარი, რომელიც ჯერ კიდევ ახალგაზრდა შეუდგა საქართველოს ეკლესია–მონასტრებში დაცული ისტორიული საბუთების შეგროვება პუბლიკაციასა და ხუროთმოძღვრული ძეგლების შესწავლა აფიქსირებას.

 ’’ვეფხისტყაოსნისა’’ ხელნაწერი (S-44-99) გადაწერილი მე-17 საუკუნის მეორე ნახევარში, 1899 წლის იანვარში ვიღაც სომეხს უნახავს თათრის ოჯახში და წამოუღია სოფელ იდგირში, რომელიც შეუძენია ერევნის გუბერნატორის თანაშემწეს მიხეილ ალექსანდრეს ძე ნაკაშიძეს. ექვთიმე თაყაიშვილს რომ გაუგია ხელნაწერის ამბავი, წერილით უთხოვნია ხელნაწერი ნაკაშიძისათვის. ნაკაშიძეს უთხოვებია ხელნაწერი და თან უთქვამს: ’’რამდენ ხანსაც გინდა გქონდეს, სულ კი ნუ წამართმევ, ეს ჩემთვის სანუკვარი ნივთიაო, თორემ შენ ისეთი სახელი გაქვს, რომ ხელნაწერი თუ ხელში ჩაგივარდა, იმის წირვა გამოსულიაო’’. ექვთიმეს კი უპასუხნია: ’’რაკი ეგეთი სახელი მქონია, შენს ხელნაწერსაც ეგ ბედი უნდა ეწვიოსო’’. ნაკაშიძეს გაუცინია და ხელნაწერი ექვთიმესათვის გადაუცია. ნაკაშიძის გარდაცვალების შემდეგ კი ხსენებული ნუსხა ანდერძის თანახმად, წერა-კითხვის საზოგადოებას გადაეცა, ხოლო 1905 წლის 4 ივნისს ექვთიმე თაყაიშვილს ნაკაშიძის სახელით წერა-კითხვის საზოგადოების ბიბლიოთეკა-მუზეუმისათვის შეუწირავს.
როდესაც ექვთიმე თაყაიშვილი გარდაიცვალა, მის სახლთან ჩეკისტები იდგნენ და ხალხს  პანაშვიდზე შესვლას უშლიდნენ. პროფესორის დაკრძალვას 1953 წლის მარტის ცივ და ქარიან დღეს, ვაკის სასაფლაოზე  50-მდე ადამიანი დაესწრო. 
1963 წლის 10 თებერვალს წმ. ექვთიმე თაყაიშვილის დაბადების 100 წლისთავთან დაკავშირებით მისი ნეშტი დიდუბის პანთეონში გადაასვენეს ისე, რომ კუბოც არ აღმოჩნდა გამოსაცვლელი. ექვთიმეს ტანსაცმელი და ფეხსაცმელიც დაცული ყოფილა. 1987 წლის 22 თებერვალს ლევილიდან თბილისში ჩამოასვენეს და მეუღლის გვერდით დაფლეს ნინო პოლტორაცკაია-თაყაიშვილის ნეშტიც.

2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის  წმინდა სინოდმა ექვთიმე თაყაიშვილი წმინდანად შერაცხა და მას სახელად „წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი" უწოდა. 2003 წლის მაისში თბილისში მისი  სახლ-მუზეუმი და სამლოცველო გაიხსნა. ექვთიმე ღვთისკაცის ხსენების დღედ დაწესდა 3 იანვარი.


aa
კატეგორია: ისტორია | ნანახია: 1502 | დაამატა: nakashidze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: