მთავარი » 2008 » დეკემბერი » 18 » საეკლესიო გალობა და მელქისედეკ ნაკაშიძე
12:48
საეკლესიო გალობა და მელქისედეკ ნაკაშიძე

        ათონის მთის ქართველთა სავანის სამგალობლო სკოლამ რამდენიმე წელში უმნიშვნელოვანეს წარმატებას მიაღწია. თბილისში დაარსებული ,,ქართული საეკლესიო გალობის აღმადგინებელი კომიტეტის” მიერ საუკეთესო მგალობლებად, სრული მგალობლის, მხცოვანი მღვდლთან, მაქსიმე ჩხატარაიშვილთან ერთად, ათონზე აღზრდილი მგალობლებიც იყვნენ ამორჩეული. ,,ოდეს საქართველოსა შინა კეთილ-მზრუნველთა მემამულეთა აღსძრეს კითხვა აღდგინებისათვის ძველისა ჩინებულისა ქართულის გალობისა, მე უღირსმან გავგზავნე მამულსა ჩემსა შინა ერთის ჩემის გუნდისაგანი უწარჩინებულესი ცოდნითა გალობისათა თავადი მელქისედეგ ნაკაშიძე, რომელიცა საჟაროსა გამოცდასა ზედა მოწონებულ იქმნა სხვათა მგალობელთა შორის და მიღებულ განმწრთვნელად სხვათა.”

ათონის სავანეში გამოზრდილთაგან მელქისედეკ ნაკაშიძე მართლაც არის ყველაზე გამორჩეული და პროდუქტიული ფიგურა ქართული საგალობლების გადარჩენისა და გავრცელების საქმეში. იგი სქემიღუმენ ბენედიქტეს კურთხევითა და ,,ქართული საეკლესიო გალობის აღმადგინებელი კომიტეტის” დავალებით უახლოეს თანამშრომელ, ასევე ათონელ ნესტორ კონტრიძესთან ერთად ჩამოვიდა თბილისში. ანჩისხატის ტაძრის ეზოში, ნაკაშიძე და კონტრიძე, წლების მანძილზე ასწავლიდნენ მსურველთ საეკლესიო გალობას. მელქისედეკ ნაკაშიძეს სახელთან არის დაკავშირებული ქართული გალობის ნოტებზე გადაღების საქმეში დიდი მუსიკოსისა და ოპერის მომღერლის, ფილიმონ ქორიძის აქტიურად ჩაბმა. ასევე მაქსიმე შარაძის, ესტატე (ექვთიმე) კერესელიძის ხელშეწყობა, რამაც საბოლოოდ მეტად ნაყოფიერი შედეგი გამოიღო.

1899 წელს დეკანოზმა პეტრე კონჭოშვილმა მოილოცა წმიდა მიწა-იერუსალიმი და ათონის მთა. მოინახულა ათონის ქართველთა სავანე და ქართველი ბერები. 1901 წელს თბილისში მოზრდილ წიგნად გამოცემულ ,,მოგზაურობაში” მან ცალკე თავი მიუძღვნა ათონზე ქართული გალობის მდგომარეობას სადაც აღნიშნავს: ,,ათონის ქართველთა სავანეში ყოფილა კეთილ განწყობილი მწყობრი ტკბილად მგალობელთა 1880 ვიდრემდის ყოფილან ათონზედ მგალობელთა შორის; თავ. მელქისედეკ ნაკაშიძე, მ. გიორგი მოლარიძე, ღირსეულად მოღვაწე შემოქმედის მონასტერში გურიაში. მ. მ. კონტრიძე, ჭინჭარაძე და მ. ფილიპე შარაშიძე. ქართველთა მგალობელთა გუნდსა აღტაცებაში მოჰყვანდა ყოველი მსმენელი რუსნი და ბერძენიცა. ამ ზემოხსენებულ პირთა შეუსწავლიათ ქართული გალობა საფუძვლიანად რვა ხმაზედ ბ. ანტონ დუმბაძის ხელმძღვანელობის ქვეშ. ხოლო აწ ქართველთა სავანე ვეღარ იქების ამ გვარის კეთილგანწყობილის გალობითა. ამისათვის ფრიად სასურველია, კვალადცა გაძლიერდეს ქართული გალობა ათონზედ აღსადგენელად ჩვენის ეროვნულის ღირსებისა, დიდებისა და პატივისა სხვათა ეროვნობათა წარმომადგენელთა მოღვაწეთა შორის ათონის მთაზედ. ოდესმე ათონზედ დროშა პირველობისა ეპყრათ ივერიის კარისა ღვთისმშობლის მონასტრისა ქართველთა ძმათა. "

ძველ ქართულ საეკლესიო გალობას საძმოს წევრები სწავლობდნენ ცნობილი მგალობლის, თავად მელქისედეკ ნაკაშიძისაგან, რომელიც ათონის წმიდა მთის ქართველთა სავანეში იყო განსწავლული.

ფილიმონ ქორიძე ქუთაისში საკუთარ გუნდთან ერთად ჩასულა და წირვაზე უგალობია. ქორიძეს ეპისკოპოსმა გაბრიელმა ცნობილი მგალობლები დაახვედრა: ჯაბა და ტელემავ გურიელები, ანტონ და დავით დუმბაძეები, მელქისედეკ ნაკაშიძე, ნესტორ კონტრიძე (გურიიდან); დიმიტრი ჭალაგანიძე (მარტვილიდან); ნიკო მეძმარიაშვილი, ნიკოლოზ კანდელაკი, რაჟდენ ხუნდაძე, ტარასი ტყეშელაშვილი, ივლაინე შოთაძე, დეკანოზი ვასილ ქუთათელაძე (ხონიდან). გაბრიელ ეპისკოპოსს საქები და სადიდებელი სიტყვები მოუხსენებიათ ფილიმონისთვის: „გმადლობთ ჩვენს დიდ მოთავე ქართველებს, რომლებმაც ჩვენ ნიჭიერ ერის შვილს ფილიმონს დახმარება გაუწიეს და უცხო ქვეყნებით სწავლა დაასრულებიეს, და მერე მობრუნდა თავის საყვარელ ქვეყანაში. მათი სწავლა-განათლება, ჩვენს ხალხსა და ერს ძღვნად მოუტანა. ჩვენი ხალხის სიმღერა-გალობას, მძლავრის ხმით დასძახა: „აწი უნდა აღსდგეო, და ჩვენი ხმათა სიშვენიერე და სიდიადე, სხვათა სამეფოთა შორის უნდა იდიდებოდეს".
     შემოქმედის სკოლის გალობამ ჩვენამდე ცოცხალი ჩანაწერის სახითაც მოაღწია, რისი თვალსაჩინო ნიმუშიცაა ასზე მეტი საგალობლის აუდიოჩანაწერი არტემ ერქომაიშვილის შესრულებით. არტემის უშუალო მასწავლებელი გახლდათ ცნობილი მგალობელი მელქისედეკ ნაკაშიძე, რომელიც სახელგანთქმული მგალობლის ანტონ დუმბაძის მოწაფე იყო.
 
     გალობის ტრადიციების გადარჩენისათვის XIX-XX საუკუნეების არაერთმა მოღვაწემ გასწია დიდი შრომა; მათ შორის განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსნი არიან: იღუმენი ექვთიმე კერესელიძე, ფილიმონ ქორიძე, დეკანოზი რაჟდენ ხუნდაძე, მღვდელ-მონოზონი ნესტორ კონტრიძე, მელქისედეკ ნაკაშიძე და სხვები. მათ მომავალ თაობებს ღვთისა და ერისადმი უანგარო, თავგანწირული მსახურების მაგალითი დაუტოვეს. ამ მოღვაწეთა საერთო სულისკვეთება იღუმენ ექვთიმე კერესელიძის ერთ-ერთი ხელნაწერის (საგალობელთა კრებულის) ანდერძშია გამოხატული:

      ათონის მთაწმიდისა ივერიის იოანე ღვთის-მეტყველის ქართველთა სავანის აღმაშენებელი სქემა-მონაზონი ბენედიქტე (ბარკალაია), ტფილისი. 30 მაისს, 1880 .


aa
კატეგორია: ისტორია | ნანახია: 1958 | დაამატა: nakashidze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: